ის მხატვარია, ქართველი ქალი მხატვარი აფხაზეთიდან. მის ნახატებზე ამბობენ, რომ მასობრივი ხასიათისგან დაცლილია, აქვს ინდივიდუალური, საკუთარი თავისუფლების ცნება, მისი ნამუშევრები ყოველთვის დახვეწილია, სავსეა დეკორატიული ელემენტებით, ფაქიზი ფერებით, ქალური ფიქრებით და წარმოდგენებით მხოლოდ სიკეთეზე.
„ანგელოზების“ სერიით დაიწყო მისი გაცნობა საზოგადოებამ. როგორც ამბობს, ამ ანგელოზებს მაგნოლიის სურნელსაც ატანს, რომელიც ღრმა მეხსიერებაში დალექილი ემოციაა და სოხუმში, მისი სახლისკენ მიმავალ გზას დღემდე მიუყვება. სხვადასხვა ჟანრშიც მუშაობს. მისი ნახატები იფინება სულ და ყველგან - საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ამ კვირაში Gito Art-ს Iart Gallery 13 Uznadze Str-ში ნახავთ. უკვე დაგეგმილი აქვს მომავალი თვეების და წლის გრაფიკიც.
ვირტუალური და რეალური მეგობრებიც „გითოს“ ეძახიან, გითოლენდიაა, სუფთა სისხლის კოლხი სოხუმიდან. სახელიც მეფის აქვს - თამარი. 5 წლის იყო 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რომ წამოვიდა და ჭუბერი გადმოიარა მშობლებთან ერთად.
„ფეხით მივდიოდით დაუსრულებელ გზაზე, ძალიან მციოდა და ვფიქრობდი: „ნეტავ დედამ რატომ არ ჩამაცვა თბილი ტანსაცმელითქო?“, ოღონდ ამას ხმამაღლაც ვერ ვეკითხებოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაცა დიდი უბედურება გვჭირდა. მახსოვს ერთ ადგილზე ჯარისკაცებს კოცონი ენთოთ, იქ მიმიყვანეს და ოდნავ გამითბა სხეული. ერთმა მათგანმა მკითხა, „ხო გათბიო?“ ვუპასუხე - კი, რადგან ჩემს უკან ხალხს ციოდა და რიგს ელოდებოდნენ. სინამდვილეში ძვლები ისევ გაყინული მქოდა. გზაზე დახოცილ ადამიანებს ვხედავდი, ამ ტრაგიზმის განცდის გადატანა შემდგომ წლებში ძალიან გამიჭირდა...
გამიჭირდა, როცა პირველად თბილისში ჩამოვედით და მე და ჩემს დას „ლტოლვილები“ დაგვიძახეს. მეგონა, რომ ეს სიტყვა რაიმე დანაშაულს ნიშნავდა, მეგონა, რომ ჩემმა მშობლებმა იქ დააშავეს და „ლტოლვილი“ სირცხვილის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. კითხვაც ვერ გავუბედე დედას, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა გამეგო. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა მეზობლის ბავშვმა მკითხა „თქვენ მართლა ყოველდღე სვამთ კოკა-კოლასო?“ მაშინ მივხვდი, რომ მეც ისეთი ბავშვი ვიყავი, როგორიც ის. რომ ჩემი მშობლები პატიოსნად მუშაობდნენ და არაფერს არ მაკლებდნენ. მას შემდეგ ისე მოვედით აქამდე, რომ სულ სხვებს ვეხმარებით“.
ეს ძალიან მოკლედ მოყოლილი ამბავი აფხაზეთიდან დევნილი, საკუთარი სახლიდან გამოგდებული პატარა გოგონას (ვინ იცის მერამდენე) ისტორიაა, დევნილობა აგერ უკვე 30 წელია რომ გაუგრძელდა და ბოლო არ უჩანს. „გითო“ ამ დროის განმავლობაში (ცხოვრების ყველა ეტპაზე), საკუთარი თავის შეცნობას ხატვით ასამყაროებდა. ხატავდა, რაც თავი ახსოვს და ხატავს თავდავიწყებით ახლაც... პროფესიადაც მედიახელოვნება - კომპიუტერული ფრაფიკა აირჩია, საკუთარი ოჯახიც შექმნა, პატარა ნიკოლოზიც ჰყავს.
მისთვის კიდევ უფრო სხვა ეტაპი მაშინ დადგა, როცა პლანეტაზე ახალი „უხილავი ომი“ პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა.
„კოვიდის დროს ყველა გაურკვეველ მდგომარეობაში ვცხოვრობდით, სახლში ვიჯექი და სულ ვხატავდი ჩემთვის. ვხატავდი და ველოდით არარსებულს, ვებრძოდით უხილავს, რომელიც ასევე ომის ტოლფასი იყო ჩემთვის.
ერთ დღესაც ტელევიზორს ვუყურებდი და რომელიღაცა ფსიქოლოგს მოვუსმინე, ის ამბობდა: „აკეთე, რაც გინდა, რადგან არ იცი, რა იქნება მომავალში“. მეც ვიფიქრე, რომ ჩემი შემოქმედება სხვებისთვის მეჩვენებინა (მანამდე სულ მრცხვენოდა ფართო საზოგადოებაში გამოჩენის, ალბათ ეს ბავშვობის ტრავმად დამრჩა) და გადავწყვიტე, სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენება დამეწყო. ვხატავდი და ამ ყველაფერს ვიღებდი მობილურით, მერე ვდებდი სოციალურ ქსელებში. წამიერად იზრდებოდა ჩემი პოპულარობა, ყოველდღე მემატებოდნენ გამომწერები. მივხვდი, რომ ხალხს მოსწონდა ჩემი ნახატები და უფრო მეტს ვმუშაობდი. რჩევებს ვაძლევდი ადამიანებს, ვინც იმ პერიდოში ხატვა დაიწყო, სულ ვიღაცას ვესაუბრებოდი ვირტუალურად. ტიკ-ტოკზე იმდენად ცნობადი გავხდი, რომ კომპანიები მიკავშირდებოდნენ და რეკლამას მთხოვდნენ. ერთხელ ჩემს ეზოში ვიჯექით, ღვინო დავისხი და ღვინით ხატვა დავიწყე. რომ დავდე ეს ვიდეო, მილიონობით იუზერმა ნახა. მერე ტელევიზიები დაინტერესდნენ და ახლა ყველა გამოფენაზე იფინება და იყიდება ჩემი ნამუშევრები,“ - გვიყვება თამარ გითოლენდია.
„გითოს“ აქვს სოხუმის შთაგონებით შექმნილი ნამუშევარები, რომლებსაც არასოდეს გაყიდის... აფხაზეთიდან დარჩა მეხსიერება - ენგურსგაღმიდან სტუმრად ჩამოსული ბებია და ბაბუა - გაჟღენთილი იმ მაგნოლიების სურნელით, მათი ხსოვნა და ფოტოს გარეშე დატოვებული ბავშვობა.
„გითო“ ცნობილი სოხუმელი ქალი მხატვარია - რომელიც საკუთარ ქვეყანაში „დევნილობის იარლიყით“ ცხოვრობს... მაგრამ ამჯერად არა რცხვენით, არამედ იმედით, რომ ოდესმე დაბრუნდება აფხაზეთში...
სოფიკო ყანჩაველი
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში