„ჩემი ოცნება იყო ფრენა! რანაირი ხასიათიც არ უნდა მქონოდა, რომ დავჯდებოდი „შტურვალთან“, ყველაფერი მავიწყდებოდა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჰაერში 10-12 ათასი საათი გავატარე, წარმოიდგინეთ ერთი ცხოვრების 10-12-ათასი ბედნიერების, ფრენის!“ - ამ სიტყვების ავტორი თემურ ჩოგოვაძეა.
ის საქართველოში დაიბადა, მისი ოჯახის წევრები ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები იყვნენ, მამა სილიბისტრო (ბუჭულა) და მისი ძმები - კოტე, რომანი, დათო, გრიშა. ხუთი ძმის ერთი და მარინაც მცირე ხნით ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობდა.
თემურ ჩოგოვაძემ სკოლის დამთავრებისთანავე აეროპორტში დაიწყო მუშაობა, შემდეგ განათლება მიიღო კიროვოგრადის უმაღლესი საფრენო მომზადების სასწავლებელში, პერიოდულად იმაღლებდა კვალიფიკაციას, 1972 წლიდან იყო პირველი კლასის მფრინავი. სამსახურებრივი მივლინებით ხშირად ჩადიოდა ხარკოვში, აქ ხდებოდა თვითმფრინავების შეკეთება და ტექნიკური დათვალიერება.
„რუსეთ-უკრაინის ომამდე ხარკოვი ულამაზესი ქალაქი იყო, იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა, მხიბლავდა მისი არქიტექტურა, სულ ვუყურებდი, არ მწყინდებოდა, მუშაობას თავი რო
მ დავანებე, გადავწყვიტე აქ მეცხოვრა, 2007 წლიდან უკრაინის მოქალაქე ვარ, ხარკოვი ჩემი ქალაქია...“
თემურის 4 შვილი ჰყავს სხვადასხვა ქორწინებიდან, მაგრამ მის ყველა შვილს დედა უკრაინელი ჰყავს. ქალიშვილები - ირმა და ინეზა საქართველოში დაიბადნენ, ახლა საზღვარგარეთ არიან, ვაჟი იგორი დაქორწინებულია, ერთი შვილი ჰყავს და ხარკოვში ცხოვრობს.
უმცროსი ვაჟი არტური 14 წლისაა, მისი დედა ხარკოვის ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიღუპა, პურის მაღაზიიდან გამოსული, შინ ვეღარ დაბრუნდა. თემური იძულებული გახდა, მინებჩასხვრეული და ნახანძრალი სახლი დაეტოვებინა.
არტურს დამრიგებელი ნატალია ზაუროვნა ხშირად ურეკავს ხარკოვიდან, ესაუბრება და ყურადღებას არ აკლებს. „ვის ეგონა, რომ ეს ომი ამდეხანს გაგრძელდებოდა, თავშესაფარიც შორს იყო, არაკომფორტული, განგაშის სიგნალი ხშირად ისმოდა... იქაური ქართველების რჩევით და დახმარებით პოლტავაში წავედით, ორი თვე იქ დავყავით, პოლტავაც რომ დაიბობა, 16 საათი ვიარეთ ავტობუსით, რომ პოლონეთში გადავსულიყავით, გზაში ძალიან გავწვალდით, არტურის გამო უფრო ვღელავდი. ლამის გავსულელდი... იქიდან ქუთაისში ჩამოვფრინდით. ძალიან მინდა უკან დაბრუნება, მებრძოლ უკრაინელებთან დაბრუნება, ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ მათ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება...“ - ცრემლებს ვერ იკავებს უკვე წელში მოხრილი მფინავი, რომელსაც 2023 წლის 17 სექტემბერს 77 წელი შეუსრულდება.
თემური სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლე ყოფილა, განსაკუთრებული და მომხიბლავი აღნაგობის ადამიანი, გამორჩეული თვისებებით, მანერებით... მისი დედა ქალბატონი ზინა დაწყებითი განათლების პედაგოგი იყო, მისაბაძი და პატივსაცემი ადამიანი. მამა ბუჭულა, რომელსაც უფრო მეტსახელით იცნობენ, პეწიანი იმერელი კაცის განსახიერება იყო, რაც მის ეზო-გარემოსაც ეტყობოდა სოფელ ქვიტირში, ქუთაისთან ახლოს. ამ გადასახედიდან უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა, ყველა, ვინც რუსულად საუბრობდა, რუსი გვეგონა. თემურის პირველი ქორწინებისას კიროვოგრადელი, ულამაზესი გალია რომ გახდა ჩოგოვაძეების რძალი, სოფელში ამბობდნენ, თემურიმ რუსი ცოლი მოიყვანა, იმ ვაშლის ნერგს, რომელიც გალიას დედამ, ლუბა ფეოდოროვნამ ქვიტირში ჩამოიტანა, იმ საოცარი არომატული ვაშლის ხესაც „რუსების ვაშლს“ ეძახდნენ... დღეს ყველამ იცის, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. რომ უკრაინელები სხვა ხალხია.
კინორეჟისორმა გია ჭუბაბრიამ ჩოგოვაძეების ოჯახზე ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღო (მისი ფილმები რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება). ამ ფილმში არის ერთი კადრი, როცა ეზოში გაშლილ სუფრასთან ჩოგოვაძეების დიდი ოჯახია შეკრებილი და ამ დროს დაბალ სიმაღლეზე „კუკურუზნიკიდან“ თემური უღიმის მისიანებს...
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თემურის დედ-მამა და ორი ძმა, რძალი გარდაიცვალა. ქვიტირში დროებით გამოკეტილი მშობლიური სახლი თემურმა და მისმა ვაჟმა გაახალისეს. არტური პერიოდულად იღებს საჩუქრებს კლასის დამრიგებლისგან, სწავლას ქუთაისში აგრძელებს.
თემური ხარკოვიდან დაბრუნების შემდეგ მეგობრებმა, ნათესავებმა ინახულეს. როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიდ დახმარებას უწევს ქალთა ფონდი „სოხუმი“. შემთხვევით გაცნობილი პედაგოგი წყალტუბოდან ხშირად ინტერესდება მისი მდგომარეობით, ეხმაურებიან და მზრუნველობენ შვილები.
თემური მაინც მწვანედ გაშლილი ეზოდან უყურებს ცას და ფიქრობს ომის დასრულებაზე, უკრაინის მიწაზე ხალხის მოსაკლავად ჩასული მტრის ბოროტების მასშტაბებზე, ცრემლი ერევა, როცა ხარკოვზე საუბრობს: - სასწაული იყო! იყო, იყო...
იქ უნდა დაბრუნება, სადაც ყველაზე ბედნიერი დღეები განვლო. ახლაც ფრენაა მისი ოცნება: „ნეტავ ახლა ფრენა იყოს, გავფრინდებოდი!“
ია იაშვილი
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებშ